უნაღდო ანგარიშსწორების საკანონმდებლო ბაზა და ძირითადი სახეები

ანგარიშსწორება საგადახდო დავალებებით. საგადახდო დავალება არის ანგარიშის მფლობელის (გადამხდელის) მიერ საგადახდო საბუთის სახით გაფორმებული განკარგულება მისი მომსახურე ბანკისათვის, სახსრების მიმღების ამავე ან სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ.[1] საგადახდო დავალება მომსახურე ბანკისადმი შესაძლოა წარედგინოს ელექტრონული შეტყობინების ან ქაღალდის საგადახდო დავალების (დოკუმენტალური ოპერაციების გარდა) სახით.

საგადახდო დავალების ელექტრონული წარდგენა. ბანკში საგადახდო დავალების ელექტრონული შეტყობინებების სახით წარდგენა (ან მისი გამოსახულების გადაცემა) ხდება საგადახდო საბუთების ელექტრონულად გაცვლის შესახებ ელექტრონული სისტემების, პროგრამულ-კრიპტოგრაფიული დაცვების და ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერების გამოყენების თაობაზე ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საგადახდო დავალების ელექტრონული შეტყობინებების სახით წარდგენისას, ბანკს ქაღალდის საგადახდო დავალება არ წარედგინება.

ელექტრონული საგადახდო საბუთი ელექტრონული შეტყობინებების სახით გასაცვლელად უნდა შეესაბამებოდეს:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს – ბანკთაშორისი ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს – სათავო ბანკსა და მის ფილიალებს შორის, აგრეთვე ბანკსა და კლიენტებს შორის (კლიენტი-ბანკით[2], ინტერნეტით, მობილური ტელეფონებით ან სხვ.) ანგარიშსწორების შემთხვევაში.

ბანკთაშორის ანგარიშსწორების სისტემისთვის გადასაცემი ელექტრონული საგადახდო საბუთი უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ,  ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ რეკვიზიტებს, გარდა იმ რეკვიზიტებისა, რომელთა გადატანაც ელ­ექტრონულ ფორმატში შეუძლებელია (ბეჭედი, შტამპი, ხელმოწერა), ამასთან იგი უნდა შეიცავდეს დამატებით რეკვიზიტებს – საბუთის უნიკალურ კოდს (რეფერენსს), ელექტრონულ-ციფრულ ხელმოწერას. ბანკის საოპერაციო დღის სისტემაში ელექტრონულ საგადახდო საბუთს შესაძლოა ჰქონდეს სხვა დამატებითი რეკვიზიტებიც (მაგ., შიდა ოპერაციების განმკარგულებლების და შემსრულებლების კოდები, სპეციალური სისტემური ნიშნები, მიმდინარე სტატუსი და სხვ.). ინფორმაციის კომპიუტერულ ტექნიკაში შეტანის დროს ელექტრონულ საგადახდო დავალებაში ძირითადი ველების შეტანა ხდება უშუალოდ ქაღალდის საგადახდო დავალებიდან, ხოლო დამატებითი ველების წარმოშობა (ან გამოძახება) ხდება სისტემური საშუალებებით (პროგრამულ-ტექნიკური საშუალებები).

საგადახდო დავალების ელექტრონული სახით წარდგენისას სავალდებულოა დაცულ იქნეს მხარეთა შორის შეთანხმებული, არა­სანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები. არასან­ქცი­რე­ბუ­ლი გადახდებისაგან დაცვის მოქმედებები ითვლება შეთანხმებულად:

  • Ø როდესაც კლიენტმა ხელშეკრულებით აღიარა ბანკის მიერ შეთა­ვაზებული არასანქცირებული გადახდებისაგან დაცვის მოქმე­დებები;
  • Ø თუ კლიენტმა არ მიიღო ბანკის წინადადებები და ბანკს შესთავაზა დაცვის სხვა წინადადებები, რომლებიც ბანკისათვის აღმოჩნდა მისაღები. ასეთ შემთხვევაში არასანქცირებული გადახდების დაცვის მოქმედე-ბებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს.

კლიენტის მომსახურე ბანკის მიერ კორესპონდენტ ბანკში გადაცე­მული სანქცირებული ელექტრონული საგადახდო დავალება ჩაით­ვლე­ბა შეცდომით გადაცემულად, როდესაც საგადახდო დავალების რეკ­ვი­ზი­ტები არ შეესაბამება გადამხდელის საგადახდო დავალების რეკ­ვი­ზი­­ტებს ან როდესაც საგადახდო დავალება გადაცემულია განმე­ორებით.

იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ მის მომსახურე ბანკში გადაცემული საგადახდო დავალება შეცდომითაა გადაცემული, კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეატყობინოს ბანკს აღმოჩენილი შეცდომის შესახებ. კლიენტმა შეტყობინებაში უნდა ასახოს საგადახდო დავალების რეკვიზიტები და მის მიერ გამოვლენილი არასწორი რეკვიზიტები. თუ ბანკს არ წარედგინა ასეთი შეტყობინება, არასწორი რეკვიზიტებით გადაცე­მული საგადახდო დავალება ჩაითვლება შესასრულებლად მიღე­ბულად და ბანკი პასუხს არ აგებს მისი შესრულების შედეგად დამდგარ ფაქტზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ შეცდომით გადაცემული საგადახდო დავალების გამო მომსახურე ბანკმა განიცადა ზარალი, კლიენტი პასუხისმგებელია ბანკისათვის მიყენებული ფაქტობრივი ზარალისათვის.

საგადახდო დავალების ქაღალდით წარდგენა. საგადახდო დავა­ლება (მათ შორის საინკასო დავალება) ბანკში წარსადგენად ძალაშია მისი გამოწერიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში (გამოწე­რის დღის ჩაუთვლელად). საგადახდო დავალებები შესასრუ­ლებლად მიიღება კლიენტის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობის შემთხვევაში (გარდა ბიუჯეტის და მასთან გათანაბრებულ გადასახ­დელებზე წარდგენილი საგადახდო დავალებებისა, რომლებიც მიიღება კლიენტის ანგარიშზე თანხების არსებობის მიუხედავად და აღირიც­ხება ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკაში). საგადახდო დავალების კარტოთეკაში მოთავ-სების შემთხვევაში, საგადახდო დავალების ყველა ეგზემპლარის ზედა მარჯვენა კუთხეში კეთდება შენიშვნა კარტოთეკაში მოთავსების შესახებ, თარიღის ჩვენებით. ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკიდან საგადახდო დავალებების განაღდების წესები მოცემულია №3 დანართში.

ქაღალდის საგადახდო დავალების გაფორმება (დოკუმენტალური ოპერაციების გარდა) ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული კანონმდებლობის შესაბამისად. ველები, რომელთა რეკვიზიტებსაც მნიშვნელობები არ გააჩნია, რჩება შეუვსებელი (არასაბიუჯეტო ანგარიშებზე გადარიცხვის ამსახველი საგადახდო დავალებების ველები). №8 დანართით მოცემულ საგადახდო დავალების ფორმას გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი. კლიენტის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით შედგენილი ქაღალდის საგადახდო დავალება ბანკს წარედგინება ერთ ეგზემპლარად, რომელიც წარმოადგენს დედანს.

საგადახდო დავალების კლიენტისადმი დასაბრუნებელი მეორე ეგზემპლარი (ან ნებისმიერი სხვა რაოდენობა, რომელსაც ბანკი განსაზღვრავს დამოუკიდებლად და აისახება ოპერაციების წარმოების შესახებ ბანკის მიერ გაცხადებულ პირობებში – შიდასაბანკო წესებში) არის მისი ასლი (გადაღებული ასლგადამღები ტექნიკით, სკანერით და ა.შ – თუ ასლის გადაღება შესრულებულია ხარვეზების გარეშე). საგადახდო დავალების დედანი რჩება ბანკში და წარმოადგენს ოპერაციის შესრულების საფუძველს, ხოლო ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის ხელმოწერით და შტამპით დამოწმებული ასლი, სავალდებუ­ლო წესით, უბრუნდება კლიენტს.

კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილ საგადახდო დავალების ნაწი­ლობ-რივი შესრულების პირობის მითითება დაუშვებელია. ბიუჯეტში გადასახ-დელებზე წარდგენილ საგადახდო დავალებებზე ხელმოწერა დასაშვებია განხორციელდეს მექანიკური საშუალებების გამოყენებით – ფაქსიმილიით.

ანგარიშსწორება საინკასო დავალებებით. საინკასო დავალება არის საქართველოს კანონმდებლობით შე­სა­ბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის მიერ ბანკისთვის დად­გენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარი­ში­დან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე.[3]

უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს:

  • Ø საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • Ø სააღსრულებო ბიუროები;
  • Ø კერძო აღმასრულებელი;
  • Ø საქართველოს ფინანსთა სამინისტრო („სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში);
  • Ø საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პირისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება.

კერძო აღმასრულებელი გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლებისა და სახსრების ჩამოწერის შესახებ მის მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე. საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ბიუროები, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენენ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე. ბიუჯეტის გადასახდელების ამოღების მიზნით წარმოდგენილ საინკასო დავალებებზე (განკარგულებებზე) ხელმოწერა დასაშვებია განხორციელდეს მექანიკური საშუალებების გამოყენებით – ფაქსიმილიით.

ბანკში წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი გაფორმებული უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უდავო წესით სახსრების ჩამოწერის შესახებ საინკასო დავალების შესაბამის ველში უნდა მიეთითოს იმ ნორმატიული აქტის სახელწოდება და მუხლი (პუნქტი), რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სახსრების უდავო წესით ჩამოწერა. ამ ველში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობისათვის ბანკი პასუხს არ აგებს. საინკასო დავალებაში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა, ხოლო საბანკო ანგარიშის მითითება, რომლიდანაც უნდა განხორციელდეს თანხების ჩამოწერა, სავალდებულო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საინკასო დავალებაში მითითებულია საბანკო ანგარიში, საბანკო დაწესებულების შესაბამისი პასუხისმგებელი პირი არ არის ვალდებული შეამოწმოს მითითებული ანგარიშის სისწორე და თანხის ჩამოწერას ახორციელებს მხოლოდ საინკასო დავალებაში მითითებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება ვალდებულია საგადასახადო და საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ გადამხდელის (კლიენტის) ყველა ანგარიშზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საინკასო დავალებით წარდგენილი თანხა უდავო წესით ჩამოიწერება ერთხელ. თანხის ჩამოწერა შესაძლებელია როგორც ერთი რომელიმე ანგარიშიდან, ასევე გადამხდელის სხვა საბანკო ანგარიშებიდან ჯამურად, გარდა კანონმდებლობით გათვალის­წინებული შემთხვევებისა. საინკასო დავალება, პირველ რიგში, შესრულდება იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რა ვალუტითაც არის წარდგენილი უდავო წესით გადასახდელი თანხა. წარდგენილი ვალუტით ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს, სხვა ვალუტაში არსებული ანგარიშის (ანგარიშების) არსებობის შემთხვევაში, ბანკი საინკასო დავალების შესრულებას ახორციელებს ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული თანხის კონვერტაციით.

სხვა ვალუტით გახსნილი ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისას, კონვერ­ტაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგე­ნილი კურსით, ხოლო ბანკსა და კლიენტს შორის ანგარიშსწორების საკო­მისიო (გადარიცხვის საკომისიო, კონვერტაციის საკომისიო) განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფებით.

უდავო წესით სახსრების ჩამოსაწერად კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალება ან საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემო­სავლების სამსახურის საინკასო დავალება, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ან საფოსტო გზავნილით წარედგინება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულებას ან მის ქვედანაყოფს, რომელშიც წარმოებს გადამხდელის ანგარიში. სათავო ბანკში მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების სისტემის არსებობის შემთხვევაში საინკასო დავალება შეიძლება წარედგინოს სათავო ბანკს.

საინკასო დავალების წარმდგენი პირის (პირების) სამსახურებრივი უფლებამოსილების დადგენას საბანკო დაწესებულება ახდენს პირის სამსახურებრივი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტუ­რებელი საბუთები გაცემული უნდა იყოს საინკასო დავალების წარმომდგენი ორგანოს მიერ. კერძო აღმასრულებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების დადგენა ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული კერძო აღმასრულებლების რეესტრიდან ამონაწერით. საინკასო დავალების წარმომდგენი პირის იდენტიფიკაცია შეიძლება განახორციელონ საბანკო დაწესებულებების კანცელარიის, საოპერაციო ან იურიდიული დეპარტამენტის (განყოფილების) თანამშრომლებმა. წარმომდგენის ვინაობის დადგენის გარეშე საბანკო დაწესებულება არ მიიღებს შესასრულებლად საინკასო დავალებას.

უდავო წესით თანხების გადახდევინების საფუძვლიანობისა და სამართლიანობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახსრების ამომ­ღებს და ამდენად ბანკი არ არის ვალდებული განიხილოს გადამ­ხდელის პრეტენზიები სახსრების უდავო წესით ჩამოწერის თაობაზე. უდავო წესით სახსრების ჩამოწერის უფლებამოსილების მქონე ორგანოების საინკასო დავალებებს ერთმანეთის მიმართ აქვს გარკვეული უპირატესობა, კერძოდ:

  • Ø საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროების, კერძო აღმასრულებლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ საინკასო დავალებათა შორის უპირატესობით სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალება და მისი შესრულება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, სხვა საინკასო დავალებებთან შედარებით რა ვადაში იყო წარდგენილი იგი;
  • Ø საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სააღსრულებო ბიუროების და კერძო აღმასრულებლის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულება უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულების შემდეგ საბანკო დაწესებულებებში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით.

საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია დაყადაღებული ანგარიშიდან განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, როგორც ყადაღისაგან თავისუფალი სახსრების ფარგლებში, ასევე ასეთი თანხების უკმარისობის შემთხვევაში დაყადაღებული თანხების ფარგლებშიც. სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიშიდან გადახდები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყადაღისაგან თავისუფალი თანხების ფარგლებში.

საბანკო დაწესებულებაში ადრე წარდგენილ საინკასო დავალებაში თანხის ან/და ანგარიშსწორების ანგარიშის კორექტირების აუცი­ლებ­ლობის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებას წარედგინება ახალი საინ­კასო დავალება, რომლის „დამატებითი ინფორმაციის“ ველში აუცილებელია იმ საინკასო დავალების მითითება, რომელშიც ხორცი­ელ­დება კორექტირება. კორექტირებულ ახალ საინკასო დავალებაზე ვრცელდება კორექტირებამდე წარდგენილი საინკასო დავალების რიგითობა.

ანგარიშსწორება აკრედიტივებით. აკრედიტივი წარმოადგენს ემიტენტი ბანკის მყარ ვალდებულებას, საქონლის ან მომსახურების გამყიდველს გადაუხადოს განსაზღვრული ფულადი სახსრები საქონლის გაგზავნის ან მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად და სათანადოდ წარ­მოდ­­გენისას. ამდენად, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება აკრედიტივის მოთხოვნებს, გაგზავნილი საქონლის/გაწეული მომსახუ­რე­­ბის საფასურის გადახდა შესაძლებელია მყიდველის თანხმობის გარეშე.[4]

ამას გარდა, არსებობს აკრედიტივის განმარტების რამდენიმე ვარიანტიც, მაგალითად:[5] 1. საბანკო ანგარიშის სახეობა, რომელიც კონტრაგენტს აძლევს შესაძლებლობას სააკრედიტივო დავალებაში მითითებული პირობების დაცვით საქონლის (მომსახურების, სამუშაოს) მიწოდების ვალდებულების შესრულებისთანავე, მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო; 2. სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს იმ პირის უფლებას, რომელზეც გამოწერილია ფასიანი ქაღალდი, მიიღოს ბანკში დოკუმენტში მითითებული თანხა. 3. ბანკის ვალდებულება კლიენტის გაკოტრების შემთხვევაში გაანაღდოს მისი ფასიანი ქაღალდები. აკრედიტივის ნებისმიერი ფორმისას ბანკი იღებს ვალდებულებას კლიენტის სასარგებლოდ; 4. რწმუნების სიგელი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დიპლომატიური წარმომადგენლის რწმუნებებს; 5. მყიდველის დავალებით ბანკის მიერ გაცემული წერილობით აღიარებული ვალდებულება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული თანხა გარკვეულ ვადაში. ამასთან, გადახდა შედგება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი წარმოადგენს აკრედიტივით მოთხოვნილი საბუთების სრულ ნუსხას აკრედიტივით განსაზღვრულ ვადასა და ფორმაში[6].

გადამხდელსა და მიმღებს შორის აკრედიტივით ანგარიშსწორება რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №166, 2007 წლის 26 ივნისი,  „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები“) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დამკვიდრებული წესების შესაბამისად[7]. დოკუმენტალური ოპერაციებით სარგებლობის პირობები მოცემულია №5 დანართში.

ბანკს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტივის გახსნის თაობაზე, თუ კონკრეტული აკრედიტივის გახსნა ბანკისათვის დაკავშირებულია რამე რისკთან. აკრედიტივით ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომებისათვის ბანკები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად. ბანკისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილ პრეტენზიებს აკრედიტივის დავალების მიმცემი (გადამხდელი) და სახსრების მიმღები განიხილავენ ბანკის მონაწილეობის გარეშე.

აკრედიტივის უპირატესობები[8]

ექსპორტიორისათვის
(გამყიდველისათვის)

იმპორტიორისათვის
(მყიდველისათვის)

ბანკი შეასრულებს აკრედიტივით განსაზღვრულ გადახდას მყიდვე-ლისაგან დამოუკიდებლად. აკრედიტივის გახსნით იმპორტიორი ადასტურებს თავის გადახდისუნარიანობას და შეუძლია მიაღწიოს გადახდის უფრო ხელსაყრელ პირობებს.
მყიდველს არ შეუძლია დააყოვნოს გადახდა რაიმე პირადი პრეტენზიის საფუძველზე. პროდუქცია მიწოდებული იქნება აკრედიტივში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
თუ მყიდველს სურს გაასაჩივროს მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მან ეს უნდა მოახდინოს აკრედიტივისაგან დამოუკიდებლად. მყიდველი იღებს მის მიერ აკრედიტივით მოთხოვნილ დოკუმენტებს კონკრეტულ ვადაში.
დაყოვნება, ისეთი როგორიცაა საბანკო გადარიცხვა, მაქსიმალურად არის თავიდან აცილებული. მყიდველი დარწმუნებულია, რომ იგი გადაიხდის თანხას მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები ყველა ასპექტში შეესაბამება აკრედიტივის პირობებს.
აკრედიტივის მეშვეობით ტვირთის ღირებულების გადახდა ზოგადად უფრო სწრაფად ხორციელდება.

 

 

 

ანგარიშსწორება საბანკო პლასტიკური ბარათებით. საბანკო პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება რეგულირ­დება საგადახდო ბარათების შესახებ დებულებით, კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბანკებისა და პლასტიკური ბარათების საერთაშორისო საგადახდო სისტემების მომწოდებელ კორპორაციათა მიერ შემუშავებული წესების შესაბამისად (საქართვე­ლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის ბრძანება №37/04.).

ბანკის მიერ რეალიზებადი საბარათე პროგრამა სხვადასხვა ხარისხის სირთულისა და მასშტაბის შეიძლება იყოს. ბანკი ბარათის მფლობელებზე თავისი ვალუტის გადამცვლელ განყოფილებებში და პუნქტებში სხვა ბანკების ან საგადახდო სისტემების მიერ გამოშ­ვებული ბარათების მეშვეობით ნაღდი ფულის გადაცემას ახორცი­ელებს. ბანკი რომელიც ბარათების გავრცელებას ახორციელებს, ემიტენტთან სააგენტო ხელშეკრულებას დებს, რომლის საფუძველზე თავიანთ კლიენტებზე ემიტირებული „სხვისი” ბარათების გაცემას, კლიენტთან ყველა სახის ანგარიშსწორებას ახორციელებს და ოპერაციებისათვის ემიტენტისაგან შემოსავალს ღებულობს.

სრული გაწევრიანება საგადახდო სისტემაში – აღნიშნულის ქვეშ არა მარტო რომელიმე საგადახდო სისტემის ბარათების გამოშვება, არამედ აღნიშნული სისტემის კომერციული ქსელის განვითარებასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებული საქმიანობაც არის გათვალის­წინებული, ანუ ხელშეკრულებების დადება მაღაზიებთან, რესტორნებ­თან და სხვა კომერციულ წერტილებთან, რომლებიც ბარათს საგადახდო საშუალების სახით ღებულობენ.

ჩამოთვლილი საბარათე პროგრამები განსაზღვრულ საწყის დანა­ხარ­ჯებსა და ბიზნესის გულმოდგინე დაგეგმვას ითვალისწინებს. საბანკო ბარათების სფეროში ბანკის წარმატება დაფუძნებულია:

•    კლენტებთან მუშაობაზე;

•    პროცესის ავტომატიზაციაზე;

•    ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე;

•    ანგარიშსწორების ორგანიზაციაზე (ბუღალტერულ აღრიცხვაზე).

საბარათე ბიზნესში საწარმოო ჯაჭვი შემდეგი რგოლებისგან შედგება:

•    პლასტიკური ბარათების დამზადება მოცემულ საგადახდო სისტემაში დადგენილი ფორმატითა და ბანკის ლოგოტიპით;

•    ბარათის პერსონალიზაცია, ანუ ბარათის ნომრის, კლიენტის გვარისა და ნომრის ამოტვიფრვა, მაგნიტური ველის და/ან ელექტონული ჩიპის კოდირება;

•    კლიენტების საბარათე ანგარიშების გახსნა და მომსახურება;

•    ბარათების მიხედვით ოპერაციების დამუშავება;

•    ოპერაციების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელება.

საბანკო საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ოპერაციის საბარათე ანგარიშსწორების სისტემის ძირითადი მონაწილეებია:

•    ბარათის მფლობელი (cardholder);

•    ბანკი-ემიტენტი (issuing bank);

•    სავაჭრო ან მომსახურების სფეროს (მოვაჭრე) საწარმოო (merchant);

•    ბანკი-ეკვაიერი[9] (სავაჭრო საწარმოს მომსახურე ბანკი – acquiring bank, acquirer).

როდესაც ბარათის ემიტენტი ბანკი ბარათს გასცემს, ბარათის მფლობელს სპეციალურ ანგარიშს უხსნის, რომლითაც ბარათთან დაკავშირებუ­ლი ყველა ოპერაციები გაითვალისწინება. ბარათის მფლობელს ყოველთვიურად ეგზავნება ამონაწერი დავალიანების სიდიდის, ვალის თანხისა და ვალების მითითებით.

საბარათე ანგარიშსწორების სქემა სამი სახეობის ბარათის არსებობას ითვალისწინებს:

•    მოვაჭრესა და ბარათის მფლობელს შორის – საქონლის ან მომსახურების გაყიდვის შესახებ;

•    ბანკსა და მოვაჭრეს შორის – ამ უკანასკნელის მიერ საქონელზე ან მომსახურებაზე გადასახდელად ბარათის მიღების თანხმობის შესახებ;

•    ბანკსა და ბარათის მფლობელს შორის – საკრედიტო ბარათიდან ოპერაციის შესაბამისად მოვაჭრისათვის გადახდა თანხის ბანკისათვის ანაზღაურების შესახებ.

ქვეყნების უმეტესობაში ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციები სპეციალური კანონმდებლობით რეგულირდება.

საკრედიტო ბარათთან მუშაობის წესები. ბანკის კლიენტი ბანკში საბანკო საკრედიტო ბარათის მიღებაზე განაცხადს წარადგენს. კლიენტის მიერ მიწოდებული მონაცემები ბანკის მიერ კლენტის კრედიტუნარია-ნობის შეფასებისა და დადგენილი ლიმიტის სიდიდის განსაზღვრისთვის გამოიყენება.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ბანკი კლიენტს სპეციალურ საბარათე ანგარიშს გაუხსნის. ერთდროულად მზადდება პერსონალური პლასტიკური ბარათი.

სავაჭრო ბარათი სამ ეგზემპლარად მზადდება. პირველი ეგზემ­პლარი ბარათის მფლობელს გადაეცემა, მეორე – გამყიდველს რჩება, მესამე კი – ბანკ–ეკვაიერს ეგზავნება.

გამყიდველის (ეკვაიერის) ბანკი თავისი კლიენტისაგან გაფორმებულ სავაჭრო ანგარიშებს მიიღებს. აღნიშნული ანგარიშები ბანკის მიერ როგორც ფულადი სახსრების ექვივალენტის სახით განიხილება, რომლებიც გამყიდველის ანგარიშზე იმავდროულ ჩართვას ექვემდებარება. გამყიდველს შეუძლია აღნიშნული ფული მაშინვე გამოიყენოს მიუხედავად იმისა, მყიდველი ემიტენტ ბანკს აუნაზღაურებს თუ არა შემდგომში მის მიერ განხორციელებული შენაძენის თანხას.

ანგარიშსწორების გადახდისას გამყიდველისაგან განსაკუთრე­ბული საკომისიოს ჩამოჭრა ხორციელდება გარიგების თანხის 2-5%-ის ოდენობით.

ყოველი თვის ბოლოს ბანკი ბილინგის პროცედურას ახორ­ციელებს, ანუ ბარათის მფლობელს მის საბარათე ანგარიშიდან უგზავ­ნის ყველა ოპერაციების ამონაწერს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქნა განხორციელებული დავალიანების თანხისა და ვადების მიმართებით. ამის შემდეგ ბარათის მფლობელს ბანკთან ანგარიშსწორების ალტერნატიული ვარიანტი გააჩნია:

•    დაფაროს ვალი პროცენტების გადახდის გარეშე ამონაწერში მითითებული გადახდის თარიღიდან 20-30 დღის განმავლობაში;

•    გაახანგრძლივოს კრედიტი საშეღავათო ვადის ფარგლებს გარეთ დარჩენილი დაუფარავი საშუალო დღიური დავალიანების თანხაზე თვეში 1,5-2%-ის დარიცხვით.

თუკი ბარათის მფლობელი სხვა ბანკის კლიენტია, ბანკი-ეკვა­იერი თანხას ბანკი-ემიტენტისაგან საინფორმაციო გაცვლის (ინტერჩეინჯი) სისტემის მეშვეობით მიიღებს. ამასთან ბანკი-ეკვაიერი ემიტენტს ინტერჩეინჯზე საკომისიოს გადაუხდის.

ასეთია საერთო სქემა საქონლის საბანკო საკრედიტო ბარათის გამოყენებით შეძენის შემთხვევაში. ამ დროს სქემის ელემენტების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, რომელთა გარეშე ანგარიშსწორების სისტემას მუშაობა არ შეუძლია.

ანგარიშსწორება ჩეკებით. საანგარიშსწორებო ჩეკებით ანგარიშსწორება[10] რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის ბრძანება №37/04), ბანკების მიერ შემუშავებული შიდასაბანკო წესებით და ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ჩეკი ფულის გადამხდელის მიერ თავისი ბანკისთვის მიცემული განკარგულებაა, რომ მისი ანგარიშიდან ჩეკის პატრონს ფულის გარკვეული თანხა გადაუხადონ. ერთმანეთისგან განასხვავებენ ფულად ჩეკებს და საანგარიშსწორებო ჩეკებს. ფულად ჩეკებს იყენებენ ჩეკის მფლობელისთვის ნაღდი ფულის გადასახდელად ბანკში მთლიანად, ხელფასისთვის, სამეურნეო საჭიროებისათვის, სამივლი­ნებო ხარჯე-ბისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდ­ვისთვის და ა.შ.

საანგარიშსწორებო ჩეკები უნაღდო ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული ჩეკებია. ესაა დადგენილი ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის უსიტყვო წერილობით ბრძანებას საკუთარი ბანკისადმი თავისი ანგარიშიდან ფულის გარკვეული თანხა გადარიცხოს სახსრების მიმღების (ჩეკის პატრონის) ანგარიშზე. საანგარიშსწორებო ჩეკს, ისე როგორც გადახდის დავალებას, აფორმებს გადამხდელი, მაგრამ გადახდის დავალებისგან განსხვავებით ჩეკს გადამხდელი გადასახდელის მიმღებ საწარმოს გადასცემს სამეურნეო ოპერაციის შესრულების მომენტში, ის კი ამ ჩეკს თავის ბანკს წარუდგენს გასანაღდებლად.

საანგარიშსწორებო ჩეკები შესაძლოა იყოს დაფარული ან დაუფარავი. დაფარული საანგარიშსწორებო ჩეკების შემთხვევაში შესაბამისი თანხები ჩეკის გამცემი კლიენტის მიერ წინასწარაა დეპონირებული ცალკე საბანკო ანგარიშზე, რაც ამ ჩეკების მიხედვით განაღდების გარანტიას უზრუნველყოფს. დაუფარავი საანგარიშსწორებო ჩეკები ისეთი ჩეკებია, რომელთა მიხედვით სახსრების გაცემის გარანტიასაც იძლევა. ამ შემთხვევაში ბანკი გარანტიას აძლევს ჩეკის გამცემს, რომ თუ მის ანგარიშზე თანხები დროებით არაა, ჩეკების განაღდება ბანკის სახსრების ხარჯზე მოხდება. ბანკის გარანტიების ის თანხა, რომლის ფარგლებშიც ჩეკების განაღდებაა შესაძლებელი, გარანტ ბანკში აღირიცხება არასაბალანსო ანგარიშზე №9925 (ბანკის მიერ გაცემული „გარანტიები და თავდებობა“).

ჩეკებით ანგარიშსწორების დროს დოკუმენტბრუნვა არსებითად შემდეგნაირად მიმდინარეობს: საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოს მიღებისას ჩეკის გამცემი გამოწერს საანგარიშსწორებო ჩეკს. მას იგი თავისი ხელმოწერით ამოწმებს უშუალოდ გადახდის შესრულების (გადა-სახდელის მიმღებისთვის ჩეკის ჩაბარების) მომენტში. ჩეკის მიმღები საწარმოს (ჩეკის პატრონის) წარმომადგენელი ჩეკის უკანა მხარეზე აწერს ხელს და სვამს შტამპის ანაბეჭდს. ამის შემდეგ მიმწოდებელს, როგორც ჩეკის მფლობელს, შეუძლია ეს ჩეკი თავის ბანკში წარადგინოს გადასახდელის მისაღებად. ბანკში ჩეკის წარდგენის ვადა 10 კალენდარული დღეა (გამოწერის დღის ჩაუთ­ვლელად). ჩეკის მფლობელის ანგარიშზე სახსრებს მისი მომსა­ხურე ბანკი ჩარიცხავს მხოლოდ ჩეკის გამცემისგან და მისი მომსახურე ბანკიდან სახსრების მიღების შემდეგ. ჩეკის  გამცემისა და ჩეკის მფლობელის ბანკებს შორის ანგარიშსწორება  საანგარიშსწორებო-სალა­როს ცენტრისა და ცენტრალული ბანკის მეშვეობით მიმდინარეობს.


[2] „კლიენტ-ბანკის“ სისტემა – პროგრამულ-ტექნიკურ საშუალებებსა და ორგა­ნი­ზაციულ ღონისძიებებზე დაფუძნებული ელექტრონულ-ტექნო­ლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო არხებით ელექ­ტრონული ინფორმაციის მიღება/გადაცემას, მომზადებას, შექმნას, შემოწმებას, დაცვას, დამუშავებას.

 [3] ttp://nbg.ge/uploads/legalacts/paymentsysmens/saqartv_unagdo_angarish_wesi_29_05_12.pdf

[9] ეკვაიერი – ეკვაიერინგის განმახორციელებელი ბანკი (ან სხვა ორგანი­ზა­ცია), რომელსაც აქვს სათანადო ლიცენზია (ან ლიცენზირებულ ბანკთან ხელ­შეკ­რულების საფუძველზე მოპოვებული აქვს ეკვაირინგის უფლება); ეკვაირინგი – ბანკის ან სხვა ორ­გა­ნიზაციის საქმიანობა, რომელიც მოიცავს სავაჭრო (მომსახურების) ორგანი­ზა­ციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარათებით წარმო­ებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორების განხორციელების და/ან ბარათებიდან ნაღ­დი თანხების გაცემას (სხვა ბანკების მიერ ემიტირებული ბარათის მფლობელებზე).

[10] ანგარიშსწორება ნაღდი ჩეკებით, რომლის დროსაც ნაღდი ფული გაიცემა საბანკო ჩეკის წარმომდგენზე; ან ანგარიშსწორება უნაღდო ჩეკებით, რომელიც წარმოადგენს ბანკისადმი ჩეკის გამცემის დავალებას მისი ანგარიშიდან ჩეკის წარმდგენის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ.

Categories: რეფერატები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: