ნუმიზმატიკის „სპილენძის ხანა“ საქართველოში

ნუმიზმატიკის „სპილენძის ხანა“ საქართველოში

შესავალი. XII საუკუნე და XIII საუკუნის დასაწყისი საქართველოს სახელმწიფო თითქმის მთელ კავკასიას მოიცავდა და ვასალური ქვეყნებით იყო გარშემორტყმული. ქვეყნის პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ძლიერმა ეკონომიკამ სახელმწიფოში ფულის რეგულარული მოჭრისა და მისი მყარი, ინტენსიური მიმოქცევის პირობები შექმნა. მთელი იმდროინდელი ამიერკავკასია ქართული ფულით იყო გაჯერებული. ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში ერთიანი ფეოდალური მონარქიის „ოქროს ხანად“ არის ცნობილი.

საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანას“ ქართული ნუმიზმატიკის მკვეთრად გამოხატული „სპილენძის ხანა“ ემთხვევა. დავით IV აღმაშენებლის ვაჟის, დემეტრე I-ის (1125-1156 წ.წ.) გამეფებიდან ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში ვერცხლის ფული არ მოჭრილა. ე. წ. „ვერცხლის კრიზისი“ მოედო მესოპოტამიას, სირიას, ირანსა და ცენტრალურ აზიას. ყველა ამ ქვეყანაში მიმოქცევიდან ამოიღეს ვერცხლის ფული და მისი ადგილი სპილენძის ფულმა დაიკავა.[1]

ძირითადი ნაწილი. XII საუკუნის პირველ ნახევარში სელჩუკთა იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ მცირე სახელმწიფოებში სპილენძის ფულის ახალი კატეგორია მოიჭრა. მონეტაზე გაქრა სპილენძის ფულის აღმნიშვნელი არაბული სიტყვა „ფელსი“, რომელიც ვერცხლის საფასეს სახელწოდებამ – „დირჰემმა“ შეცვალა. მიმოქცევაში გამოვიდა მონეტა, რომლის ნომინალი ბევრად აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას. სპილენძის ფულის „იძულებითი კურსით“ ემისიის პრაქტიკა სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომაც გადაიღო, რასაც ქართული ფულის ზედწერილებიც ადასტურებს.

„ვერცხლის კრიზისის“ პერიოდში მკვეთრად შეიცვალა მონეტის გარეგნული სახეც, მაგრამ „უწესოდ მოჭრილი“ სხვადასხვა ფორმისა და წონის ფულის ნიშნების პარალელურად საქართველოში ჩვეულებრივი მონეტაც იჭრებოდა.

რადგანაც სპილენძის ფული საკრედიტო მონეტა იყო და „იძულებითი კურსით“ მიმოიქცეოდა, ხელისუფლება ბრუნვაში არსებულ ფულად მასას მონეტებზე დამღის დასმით დროდადრო ანახლებდა. ცნობილია დამღის 11 სახეობა.

ხშირად, ფირფიტის სიმცირის გამო, სიქის[2] ანაბეჭდი მასზე მთლიანად ვერ თავსდებოდა.  მონეტის მოჭრის ეს წესი თავდაპირველად  აღმოსავლეთის ქვეყნებში იქნა დანერგილი და ჩვენშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილ მონეტებს ვაჭრობის დროს ღებულობდნენ უკვე წონის და არა თვლის ანგარიშით. „უწესოდ“ მოჭრილი ფულის პარალელურად, რა თქმა უნდა, იჭრებოდა მრგვალი ფორმის მონეტებიც.

დემეტრე I-ის კონკრეტული ემისიების თარიღი მონეტაზე მოცემული მუსლიმი მმართველების წლების მიხედვით უნდა  დავადგინოთ. გამოდის, რომ დემეტრე I ემისიებს  1125-1131, 1136-1152 წლებში ახორციელებდა.

დავით V-ის (1155 წ.) „უწესოდ“ მოჭრილ  სპილენძის მონეტას (დავით V-ის ემისია) ადრე  მკვლევარები დავით აღმაშენებელს (1089-1125 წწ.) მიაწერდნენ, რადგან ზურგის მხარის არაბული ზედწერილი წაკითხულ იქნა როგორც  მუჰამმად  სულტანი უმაღლესი  ბარქ [იარუკ]. სულთანი ბარქიარუქი კი სწორედ რომ დავით აღმაშენებლის თანამედროვე იყო. გ. ჯაფარიძემ ამ მონეტის ზურგი მხარის ლეგენდა შემდეგნაირად წაიკითხა: მუჰამმადი სულტანი [უდიდესი] ძე მაჰ [მუდისა]. აღნიშნული სულთანი, ერაყის სელჩუკიანი მმართველი მუჰამმად იბნ მაჰმუდი (1153-1159 წწ.), დავით V-ის თანამედროვეა. ამრიგად, ამ მონეტის კუთვნილება მისადმი საეჭვო აღარ არის.

გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტები (გიორგი III-ის ემისიები მთავრული ნიშნით) დემეტრე I-ის ზემოთ აღწერილ მონეტის ვარიანტს წარმოადგენს და განსხვავდება მეფის სახელის ინიციალით. ასომთავრული დონის ნაცვლად აქ გიორგის ინიციალია ამოკვეთილი ასომთავრულადვე. არ შეიძლება გაკვირვება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ გაერთიანებული საქართველოს ძლიერი მეფე გიორგი III თავის მონეტაზე არაბულ ზედწერილებსა და ხალიფას სახელს ათავსებს. ზოგიერთი მკვლევარი ამას იმით ხსნის, რომ საქართველოს მეფე რაღაც ფორმით დამოკიდებული იყო მუსლიმ მფლობელზე. მაგრამ ასეთი მოსაზრება ყოვლად უსაფუძვლოა.

დემეტრესა და გიორგი III-ის ასეთი კონკრეტული ჟესტი ნაკარნახევი იყო წმინდა ეკონომიკური მოტივებით, რადგან ქართულ მონეტებს გზა უნდა გაეკვლია მახლობელი აღმოსავლეთის ბაზრისკენ, ამას კი არაბული ლეგენდა და ხალიფას სახელის მოხსენიება უთუოდ უწყობდა ხელს. ამავე დროს წარწერის შინაარსი იმასაც ატყობინებდა მუსლიმურ სამყაროს, რომ, ვთქვათ, გიორგი III „მეფეთა მეფე“ და „მესიის მახვილი“ იყო. კონკრეტული ემისიები 1156-1160 წლებში ხორციელდებოდა.

გიორგი III „უწესოდ“ მოჭრილი მონეტების პარალელურად იწყებს აგრეთვე მრგვალი მოყვანილობის (გიორგი III-ის მონეტები – მეფე შევარდენით ხელში)  მონეტების ემისიასაც. გიორგი III-ის მონეტაზე პირველად ქართული სამონეტო საქმის ისტორიაში თავსდება მხედრული წარწერა. გარდა ამისა, კვლავ ჩნდება თარიღი, რომელიც XI საუკუნის პირველი მესამედის შემდეგ ჩვენში მოჭრილ მონეტებზე აღარ თავსდებოდა. მაგრამ ეს თარიღი უკვე ქართული ქორონიკონითაა მოცემული.

1178 წელს გიორგი III-მ თავისივე სიცოცხლეში თანამოსაყდრედ თამარი აკურთხა. როგორც ჩანს, მათი ერთობლივი მმართველობის ხანას  ეკუთვნის ქვემოთ აღწერილი სპილენძის „უწესოდ“ მოჭრილი მონეტები (გიორგი III-ის და თამარის მონეტები). ეს მასალა ერთგვარი გამონაკლისია ქართულ ნუმიზმატიკაში, ვინაიდან მასზე მოთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ლეგენდები. მონეტები 1178-1184 წლებს შორის უნდა მოეჭრათ.

1184 წლიდან თამარი ერთპიროვნული მმართველია (თამარ მეფის მონეტები მისი ხელრთვით). აღნიშნული მონეტები რამდენიმე თვალსაზრისით იქცევს ყურადღებას. ჯერ ერთი, ასეთი მედიდური წარწერა არაბულად არცერთ ქართულ მონეტებზე არ მოთავსებულა. საქართველოს არნახული ძლიერების სურათის აღდგენა მარტო ამ მონეტების ლეგენდის საშუალებითაც კი შეიძლება. მეორეც, სპილენძის მონეტას აწერია „ … იქნა ჭედაი ვერცხლისი…“, აქ ე.წ. „ვერცხლის კრიზისის“ პერიპეტიები უნდა იყოს ასახული.  სხვა ვარიანტზე მოთავსებულია თარიღი ქორონიკონი 430  (=1210 წ.). უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი ნუმიზმატიკური ძეგლები ჩვენამდე  ათასობითაა მოსული. უნიკალურია „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტა წარწერით „თამარ დედოფალი“, რომელიც მ. ბარათაშვილის კოლექციის შემადგენლობაში შედიოდა[3].

როგორც ცნობილია, 1188 წელს თამარმა ხელმეორედ იქორწინა დავით სოსლანზე. მათი სახელითაა მოჭრილი ქვემოთ აღწერილი „წესიერი“ ფორმის სპილენძის მონეტები (თამარისა და დავითის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“), რომლებმაც ჩვენამდე დიდი რაოდენობით მოაღწია.

რაც შეეხება თამარისა და დავითის მონეტის შუბლზე მოთავსებულ რთულ ფიგურულ ნიშანს, რომელსაც დ. კაპანაძე ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნად მიიჩნევს, მისი მნიშვნელობა გახსნა ქართული პალეოგრაფიის შესანიშნავმა მცოდნემ, თ. ბარნაველმა. მისი აზრით, მონეტაზე მოთავსებულ ფიგურულ ნიშანში მოცემულია მონოგრამულად შერწყმული ქართული ასოები, რომლებიც გადმოცემს თამარისა და დავითის სახელებს. დაბოლოს, გაკვრით შევეხებით თამარის გარდაცვალების თარიღს, რამდენადაც ამ თარიღის დადგენისას მნიშვნელოვან როლს სწორედ ნუმიზმატიკური ძეგლები ასრულებს. თამარის გარდაცვალების თარიღად მკლევარები განსხვავებულ წლებს ასახელებენ. ყველაზე მისაღები  1210 წელია, რასაც ნუმიზმატიკური მასალა ავლენს. საქმე ის გახლავთ, რომ თამარი მონეტებს  1210 წელს ჭრიდა, და ამავე დროს ცნობილია 1210 წლით დათარიღებული გიორგი IV ლაშას მონეტები წარწერით „გიორგი, ძე თამარისა“ და   გიორგი IV ლაშას მონეტები – მეფე საიმპერატორო სამოსელში. აქედან დასკვნა: თამარი გარდაიცვალა 1210 წელს და იმავე წელს ტახტზე მისი ვაჟი ასულა.

საინტერესო დეტალია ის ფაქტი, რომ „უწესოდ“ მოჭრილ ამ ფულს სპარსული წარწერა ამშვენებს. გიორგი IV ლაშას  მონეტებს შორის ურევია ფრიად ორიგინალური ნიმუშებიც. ასეთია, მაგ. ის ცალი, რომლის შუბლზე თამარის ვენზელია ამოკვეთილი, ხოლო ზურგზე – ისეთივე ზედწერილი, როგორც ზემოაღწერილ მონეტებზე. დ. კაპანაძე ამას იმით ხსნის, რომ ერთსა და იმავე ზარაფხანაში მუშაობის დროს ხელოსნებს აერიათ 1210 წლით დათარიღებული თამარისა და გიორგის მონეტების სიქები.

თამარისა და გიორგი IV ლაშას სამონეტო საქმე კომენტარს საჭიროებს: 1. საქართველო კარგავს აკუმულაციური ფულადი ბაზრის ჰაბიტუსს. მაშინ სახეზე უნდა იყოს ყოველწლიური ემისიები?! 1187 და 1210 წლები ამ ასპექტით უპირისპირდება ლოგიკურ ეკონომიკურ კონიუნქტურას. როგორ უნდა აიხსნას კონკრეტული დივერგენცია?! სსრკ 1961 წლის დენომინაცია კონკრეტული ასპექტით სიმპტომატური პარალელია. ე.ი. თამარის შესაბამისი მონეტები იჭრება ყოველწლიურად, მაგრამ – ძველი თარიღით; 2. ლაშა ჯავახთუფალი თამარის თანამოსაყდრეა და მის სიცოცხლეშივე ახორცილებს  ფულის ემისიას. ე.ი. 1207-1209 წლებში სპეციფიური საუფლისწულო ატრიბუტი დიარხიის მასშტაბით თამარის ძის სუბორდინირებულ პოზიციაზე მიგვანიშნებს. სხვა დიარხიის დროსაც, მაგ. დავით ულუსა და დავით ნარინის, ემისიაზე ერთ-ერთის სახელი თავსდება მხოლოდ და მხოლოდ; 3. მონეტა სამი მთავრული ნიშნით – ႧႰႣ – ასე გავიაზრეთ: ფული 1187 წლის შემდეგ ვერ მოიჭრებოდა. სოსლანი კი თამარს შერთეს 1188 წელს, ე.ი. ეს მონეტა  სინამდვილეში პირველია, ის კონკრეტული მონარქის სამონეტო რეგალიის რეალი-ზაციის ადრეული ნიმუშია. ლეგენდა ასე უნდა იქნას წაკითხული – თამარ დედოფალი. ემისია განახორციელდა 1184-1186 წლებში.[4]

რუსუდანის მეფობა რთული საგარეო ვითარებით აღინიშნა. თბილისი   ოკუპირებულ იქნა ხორეზმშაჰის, ჯალალ ედ-დინის მიერ. რუსუდანი ქუთაისში გადადის. ამ შემოსევებმა ქართულ ნუმიზმატიკაშიც ჰპოვა ასახვა. როგორც ჩანს, ჯალალ ედ-დინს ხელში ჩაუვარდა სახელმწიფო ხაზინა, რომელიც საკუთარი მონეტების მოსაჭრელად გამოიყენა. ქართულ მონეტებს ახალი სიქა დაარტყეს.

რუსუდანის სამონეტო საქმიანობით ქართულ ნუმიზმატიკის ისტორიაში ახალი ტაპი იწყება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1. შეწყდა ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი მონეტების ემისია და 2. კვლავ დაიწყო ვერცხლის ფულის გამოშვება.

რუსუდანის მეფობის პერიოდში მოჭრილ „წესიერ“ მონეტებთანთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნებისა, ყველა მათგანს თარიღად 1227 წელი უზის. ეს იმას ნიშნავს, რომ 1227 წელი გახლავთ კონკრეტული ნიმუშის შემოღების და არა ემისიის წელი.

ამ მონეტებთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა მათი ემისიის ცენტრის დადგენის საკითხი. თბილისი ჯალალ ედ-დინმა პირველად  1226 წლის მარტში აიღო. იმავე 1226 წელს ქართველებმა თბილისი დაიბრუნეს და ხელმეორედ მხოლოდ 1227 წლის ბოლოს დათმეს. ასე რომ, 1227 წლით დათარიღებული მონეტების ემისია დედაქალაქის ზარაფხანაში სავსებით შესაძლებელია.

 

 

დასკვნა

დიდი ხნის მანძილზე საქართველოში სამონეტო მეტალის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სპილენძი. ვერცხლის დროებითი მატერიალური დეფიციტის ჰიპოთეტური ეგზისტენცია ალოგიკურად მიგვაჩნია. საქმე ეხება ფეოდალურ სამყაროს, სადაც სანედლეულო შიმშილის შესაძლებლობის დაშვება კონკრეტულ ეტაპზე უბრალოდ აბსურდია. ხომ არ ხდება ასეთი რამ: ევოლუციის რაღაც ეტაპზე აღმოსავლეთში ვერცხლის სასაქონლო აკუმულაცია საერთო სასაქონლო მასასთან მიმართებაში შეფარდებითად მცირეა, რაც ვალუტის შეფარდებითად და არარენტაბელურად მაღალი კურსის საფუძველია. სოციალური დისტრიბუციული წესრიგი ორგანიზაციასა და წარმოებას შორის მოითხოვს ნომინალის გაწვრილებას იმ დონემდე, რასაც ცირკულაციის ასპექტით უამრავი სირთულე მოჰყვებოდა.

ვერცხლის უკნინესი ერთეული უდრის რაციოზე გადაყვანილ სპილენძს. საფუძველი ეყრება საკრედიტო ფულს. მაინც, რას უნდა გამოეწვია ასეთი სპეციფიური სავალუტო კონიუნქტურა?! საწარმოო ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია შავი მეტალურგიის და აგრარულ სექტორებზე მოითხოვდა გარკვეულ შეზღუდვებს ფერადი მეტალურგიის სფეროში. ვერცხლის რეცეპციის ტექნოლოგიური სირთულე (Ag2S და  უფრო ხშირად, პლუს სხვა სულფიდიებიც. ერთმანეთისგან განცალკევებას ახორციელებს Pb. და Zn.) კი შრომითი კადრების ნაწილს  სპილენძის წარმოებაზე გადართავდა, რაც ფერადი მეტალურგიის პროდუქციის საერთო მოცულობის შეფარდებით სტაბილიზაციას ემსახურებოდა. სარწყავი ზონა ძაბავს საკუთარ ძალებს. დუალური საქართველო კი ყოველივეს საკრედიტო ავტოპროტექციონიზმით პასუხობს. აღმოსავლური ლეგენდები სწორედ აზიურ საკრედიტო სისტემაში ჩართვის ინდიკატორია. დემეტრე I-ის დროიდან მოკიდებული რუსუდანის მეფობაში გატარებულ ფულის რეფორმამდე საქართველოში მუდმივად ხორციელდება ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის ნუმიზმატიკური ძეგლების ემისია. უკანასკნელი ტექნიკური სიახლე – ზოგავს ხარჯებს და მუშახელს; ნიშანია საკრედიტო კატეგორიისა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავით IV-ის სპილენძის მონეტა მეფე საიმპერატორო ტანსაცმელში. 10,73 გრ. 35 მმ.

შუბლი: საიმპერატორო ტანსაცმელში გამოწყობილი წვეროსანი დავით აღმაშენებლის გამოსახულება წელზევით პირდაპირ. მარჯვენა ხელში მას გრძელი სკიპტრა უჭირავს. მარცხენაში – სფერო, რომელიც ჯვრითაა დაგვირგვინებული. თავსამკაულის ზემო ნაწილიც ჯვრითაა დამშვენებული (სტემა, საიმპერატორო გვირგვინი). მეფეს ყელზე მძივები უკეთია. გამოსახულების მარცხნივ – ასომთავრულით – დავით. მარჯვნით – მეფე.

ზურგი: მონეტის ცენტრში თანაბარტოტებიანი ჯვრის გამოსახულება. გარშემო ქართული ასომთავრული ლეგენდა: ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.

   დემეტრე I-ის ემისია. სპილენძი. 0,72 გრ., 2,13 გრ., 6,11 გრ.8 მმ., 15/16 მმ., 21/22 მმ.

   შუბლი: ცენტრში მოთავსებული ასომთავრული l, რომელიც დემეტრეს სახელის ინიციალს წარმოადგენს. ზემოთ და ქვემოთ არაბული ზედწერილი: ملك الملوك მეფეთა მეფე. ირგვლივ რკალი და გაურკვეველი არაბული წარწერა.

ზურგი: ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:  محمود بن محمد მაჰმუდ იბნ მუჰამმადი (1118-1131 წწ.).
გარშემო ასევე არაბული ლეგენდა, რომელიც ძნელად იკითხება.

 

   დავით V-ის ემისია. სპილენძი. 6,09 გრ. 4/23 მმ.
   შუბლი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი, რომლის შემდეგი ფრაგმენტებია შემორჩენილი: [م]لك…[الملوك] [حسام الم[سيح [داو[د მეფეთა მეფე, მესიის მახვილი   დავით …, მარჯვნივ ვერტიკალურად მოთავსებული გაურკვეველი ნიშანი. წრიულ ხაზოვანი რკალის ფრაგმენტი და წრიული ლეგენდის ნაშთი.

ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: محمد [السلطان [الاعظم[بن مح[مود მუჰამმადი  სულტანი [უდიდესი]  ძე მაჰ [მუდისა].

   გიორგი III-ის ემისია. სპილენძი. წონა: მაგ. 2,15 გრ., 6,03 გრ. ≈15/20 მმ., 18/21 მმ.

შუბლი: ხვეული ხაზებისგან შემდგარი ვარდულის ცენტრში მოთავსებული გიორგის სახელის აღმნიშვნელი ასომთავრული ინიციალი Ⴂ, ვარდულის ბუდეებში არაბულად:كيوركى، ملك الملوك، حسام المسيح მეფეთა მეფე გიორგი, მესიის მახვილი.

ზურგი: ხვეული ვარდულის ბუდეებში არაბული ზედწერილი: المقتفى/لامر/لله/ امير/ المومنين ალ-მუქთაფი ლი-ამრ ალლაჰი (1136-1160 წწ.),   მართლმორწმუნეთა მბრძანებელი.

   მეფე შევარდენით. გიორგი III. სპილენძი. ≈ 5,56 გრ. ≈22/23 მმ.

შუბლი: აზიურ-ბიზანტიურ სამოსელში გამოწყობილი გიორგი III მარცხენა (ზოგჯერ მარჯვენა) ხელით დოინჯშემოყრილი ფეხმორთხმით ზის პირდაპირ. მას მეორე გაწვდილ ხელზე შევარდენი უზის. თავს საიმპერატორო სტემა უმშვენებს. მონეტის არეზე გაფანტულია ქართული მხედრული წარწერა, რომელიც იუწყება მეფის სახელს (შემოკლებულად – გი, ზოგან ამას ემატება ႢႨ-ს მონოგრამა) და ასომთავრული წარწერა ႵႰႩႲႯႣ ქორონიკონსა 394 (= 1174 წ.).

ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:ملك الملوك كيوركى بن ديمطرىحسام المسيح მეფეთა მეფე  გიორგი, ძე დემეტრესი,  მესიის მახვილი.

 

   გიორგი III-ის და თამარის მონეტა. ფოტო:სპილენძი. 13,46 გრ. ≈22/24 მმ.

შუბლი: გრეხილორნამენტული ნასკვებით გამოყვანილი ექვსბუდიანი ვარდულის ცენტრში ორი ასომთვარული ნიშანი  ႢႨ (გიორგი). ვარდულის გარეგან ბუდეებში ასომთავრულადვე: flb/ly/qy/va/vat  ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე.

ზურგი: ისეთივე, ოღონდ რვაბუდიანი ვარდულის ცენტრში თამარის ასომთავრული ინიციალი, ან მისი სახელის სხვადასხვანაირი დაქარაგმება – sh, svh, sv (თრ,თმრ,თმ). ვარდულის გარეგან რვა ბუდეში მოთავსებული ასომთვარული ზედწერილი: fll/yqy/vat/lf/lt/lj/kb ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი.

თამარის მონეტები ხელრთვით. სპილენძი. 14, 97 გრ., 16,24 გრ. ≈23/41 მმ., 26/31 მმ.

შუბლი: წნული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში თამარის ხელრთვა. ორნამენტის გარშემო დაქარაგმებულია ასომთავრული ზედწერილი: სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 407 (=1187 წ.)

   ზურგი: ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:الملكة المعظمة جلال الدنيا والدين تامار بنت كيوركى ظهير المسيح اعز الله انصاره დედოფალი დიდებული,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა,  თამარ, ასული გიორგისა,  მესიის მიმდევარი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი.
ირგვლივ რკალი და არაბულადვე გარშემოვლებული მეორე ზედწერილი:ضاعف الله خلالها ومدّ ظلالها وايد اقبالها  განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი.

მონეტები წარწერითთამარ დედოფალი“. სპილენძი.

შუბლი: ხუთი ნახევარწრისგან შემდგარ ფიგურიან ჩარჩოში მოთავ-სებული სამი ასომთავრული ნიშანი – shl – თრდ, თამარ დედოფალი.  წარწერის ზემოთ მომცრო ჯვარია გამოსახული.

ზურგი: მონეტის მთელ არეზე გაბნეული მსხვილი წერტილები.

 

   თამარის და დავითის მონეტებიბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“. სპილენძი. წონა:  მაგ. 6,11 გრ., 8,15 გრ. ≈26/27 მმ.,  26/28 მმ.

შუბლი: მონეტის ცენტრში მოთავსებულია რთული აგებულების ნახაზი – ნიშანი   რომელსაც დ. კაპანაძე ნაკვეთს ეძახის და ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნად მიიჩნევს. მარცხნივ და მარჯვნივ ასომთავრულად დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები – ႧႰ და ႣႧ. ზემოთ და ქვემოთ ასომთავრულადვე  ႵႩჃႩ ქორონიკონსა  420 (=1200 წ.).

ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: ملكة الملكات جلال الدنيا والدين تامار ابنة كيوري ظهير المسيح დედოფალი დედოფალთა,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა,  თამარ, ასული გიორგისა,  მესიის მიმდევარი.

  

მონეტები წარწერითგიორგი ძე თამარისა“. სპილენძი. „უწესოდ“ მოჭრილი. წონა: მაგ., 5,6 გრ.,  13,35 გრ., 37,75 გრ. ≈15/62 მმ., ≈23/24 მმ.
   შუბლი: წნული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში მოთავსებული ასომ-თავრული ზედწერილი:  ႢႨႻႤ/ႧႫႰႱႠ  გიორგი, ძე თამარისა.  ჩარჩოს შემოვლებული აქვს ასომთავრული ზედწერილი, ႵႱႾႤႪႨႧႠႶႧႠႨႵႬႽႤႣႠႥႺႾႪႱႠႫႱႵႩႱჃႪ სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 430 (=1210 წ.).

ზურგი: ცენტრში მოთავსებული ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდა: الملك الملوك جلال الدنيا والدين كيوركى بن تامار حسام المسيح მეფეთა მეფე,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისა,  მესიის მახვილი. გარშემო რკალი. რკალს გარეთ სპარსული ზედწერილი: بنام خداى پاك اين سيمرا زده اند بتاريح چهار صی وسی سا უწმინდესი ღმერთის სახელით  იჭედა ეს ვერცხლი 430 წელს.

   გიორგი IV ლაშას მონეტები წარწერითგიორგი მეფისაჯავახთუფლისა“. სპილენძი. „წესიერად“ მოჭრილი. წონა: მაგ., 4,5 გრ., 5,24 გრ., 6,5 გრ.≈ 24 მმ.

   შუბლი: ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: გიორგი მეფისა, თამარის ძისასა, ჯავახთუფლისა.

   ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: الملك المعظم جلال الدنيا والدين كيوركى بن تامار حسام المسيح მეფე უმაღლესი,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა,  გიორგი, ძე თამარისა,  მესიის მახვილი.

 

   გიორგი IV ლაშას მონეტებიმეფე საიმპერატორო სამოსელში. ლაშა გიორგის სპილენძის უნკალური მონეტა. წონა – 5,6 გრ. =23/24მმ.

   შუბლი: მთელი ტანით პირდაპირ მდგარი მეფის გამოსახულება საიმპერატორო გვირგვინით (სტემა), ლაბარუმით მარჯვენა ხელში და ე.წ. ანექსიკაკიით – მტვრიანი პერგამენტის შეკვრა, მოკვდავის სიმბოლო – მარცხენაში. გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ შემორჩენილია ასომთავრული ლეგენდის ფრაგმენტები, რომელიც ასე იკითხება: გიორგი, ძე თამარისი … 30  ე.ი. ქორო-ნიკონსა 430 (=1210 წ.).

ზურგი: ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებული არაბული წარწერა:سنة / ست/ وست/ مائة 606 წელს (=1209/1210 წწ.). ფურცლებს შორის სეგმენტებში მეორე არაბული ზედწერილი: كيوركى ن تامار حسام المسيح  მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისა, მესიის მახვილი. ირგვლივ რკალი.

 

   რუსუდანისწესიერადმოჭრილი სპილენძის მონეტა. სპილენძი. 3,66 გრ., 5,28 გრ.,  6, 87 გრ., 7,15 გრ., 9,49 გრ. ≈23/29 მმ.

   შუბლი: რთული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში მოთავსებულია რუსუდანის ასომთავრულად დაქარაგმებული სახელი – hcy (ႰႱႬ). მის ზემოთ ამოკვეთილია მცირე ზომის ხვეული, რომელიც  თ. ბარნაველის განმარტებით, ასევე რუსუდანის მონოგრამაა. დ. კაპანაძე ამ მონოგრამას დედოფლის „ხელრთვას“, „ფაქსიმილეს“ უწოდებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თ. ბარნავლის ინტერპრეტაციით, ასევე რუსუდანის მონოგრამას წარმოადგენს მონეტაზე მოთავსებული რთული ორნამენტული ჩარჩო, რომლის გარე ხვეულების გახსნა გვაძლევს შემდეგ ასოებს: ႰႭႱႬ ე.ი. რუსუდან. ორნამენტის ბუდეებში შემოკლებით თარიღია: mryჃmp ქორონიკონსა 447 (=1227 წ.).

   ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: الملكة لملوك و الملكات جلال الدنيا والدين روسدان بنت تامار ظهير المسح اعز الله انصاره დედოფალი მეფეთა და დედოფალთა,  დიდება ქვეყნისა, სამეფოსი და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის მიმდევარი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი. გარშემო რკალი.

 

 

რეზიუმე

საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანას“ ქართული ნუმიზმატიკის მკვეთრად გამოხატული „სპილენძის ხანა“ ემთხვევა. დავით IV აღმაშენებლის ვაჟის, დემეტრე I-ის (1125-1156 წ.წ.) გამეფებიდან ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში ვერცხლის ფული არ მოჭრილა. ე. წ. „ვერცხლის კრიზისი“ მოედო მესოპოტამიას, სირიას, ირანსა და ცენტრალურ აზიას. ყველა ამ ქვეყანაში მიმოქცევიდან ამოიღეს ვერცხლის ფული და მისი ადგილი სპილენძის ფულმა დაიკავა.

„ვერცხლის კრიზისის“ პერიოდში მკვეთრად შეიცვალა მონეტის გარეგნული სახეც, მაგრამ „უწესოდ მოჭრილი“ სხვადასხვა ფორმისა და წონის ფულის ნიშნების პარალელურად საქართველოში ჩვეულებრივი მონეტაც იჭრებოდა. რადგანაც სპილენძის ფული საკრედიტო მონეტა იყო და „იძულებითი კურსით“ მიმოიქცეოდა, ხელისუფლება ბრუნვაში არსებულ ფულად მასას მონეტებზე დამღის დასმით დროდადრო ანახლებდა. ცნობილია დამღის 11 სახეობა.

კარგა ხნის მანძილზე საქართველოში სამონეტო მეტალის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სპილენძი. ვერცხლის დროებითი მატერიალური დეფიციტის ჰიპოთეტური ეგზისტენცია ალოგიკურად მიგვაჩნია. საქმე ეხება ფეოდალურ სამყაროს, სადაც სანედლეულო შიმშილის შესაძლებლობის დაშვება კონკრეტულ ეტაპზე უბრალოდ აბსურდია. ხომ არ ხდება ასეთი რამ: ევოლუციის რაღაც ეტაპზე აღმოსავლეთში ვერცხლის სასაქონლო აკუმულაცია საერთო სასაქონლო მასასთან მიმართებაში შეფარდებითად მცირეა, რაც ვალუტის შეფარდებითად და არარენტაბელურად მაღალი კურსის საფუძველია. სოციალური დისტრიბუციული წესრიგი ორგანიზაციასა და წარმოებას შორის მოითხოვს ნომინალის გაწვრილებას იმ დონემდე, რასაც ცირკულაციის ასპექტით უამრავი სირთულე მოჰყვებოდა. ვერცხლის უკნინესი ერთეული უდრის რაციოზე გადაყვანილ სპილენძს. საფუძველი ეყრება საკრედიტო ფულს. მაინც, რას უნდა გამოეწვია ასეთი სპეციფიური სავალუტო კონიუნქტურა?! საწარმოო ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია შავი მეტალურგიის და აგრარულ სექტორებზე მოითხოვდა გარკვეულ შეზღუდვებს ფერადი მეტალურგიის სფეროში. ვერცხლის რეცეპციის ტექნოლოგიური სირთულე (Ag2S და  უფრო ხშირად, პლუს სხვა სულფიდიებიც. ერთმანეთისგან განცალკევებას ახორციელებს Pb. და Zn.) კი შრომითი კადრების ნაწილს  სპილენძის წარმოებაზე გადართავდა, რაც ფერადი მეტალურგიის პროდუქციის საერთო მოცულობის შეფარდებით სტაბილიზაციას ემსახურებოდა. სარწყავი ზონა ძაბავს საკუთარ ძალებს. დუალური საქართველო კი ყოველივეს საკრედიტო ავტოპროტექციონიზმით პასუხობს. აღმოსავლური ლეგენდები სწორედ აზიურ საკრედიტო სისტემაში ჩართვის ინდიკატორია. დემეტრე I-ის დროიდან მოკიდებული რუსუდანის მეფობაში გატარებულ ფულის რეფორმამდე საქართველოში მუდმივად ხორციელდება ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის ნუმიზმატიკური ძეგლების ემისია.

საკვანძო სიტყვები: ნუმიზმატიკის „სპილენძის ხანა“. „ვერცხლის კრიზისი“ . საკრედიტო მონეტა. „უწესოდ“ მოჭრილი მონეტა. „წესიერი“ მონეტა.

 

,,Copper Epoch” of Numismatics in Georgia

 

Resume

 

,,Golden Epoch” of Georgian history coincides with ,,Copper Epoch” of Georgian Numismatics. Silver money was not made in Georgia and its neighbour countries during one century after accession of Demetre I-st (1125-1156), son of the king David IV Agmashenebeli. ,,Copper Crisis” spread in Mesopotamia, Syria, Iran and Central Asia. Silver money was taken from the circulation in these countries and copper took its place.

During ,,Silver crisis” the apparence of the coin was abruptly changed, but ordinary coins were made parallely with the money of different shapes and weight. The government awile renewed the existed money after making the hallmark on the coins bacause the copper money was credit coin and it was circulated with constrained course. We know 11 different types of hallmarks. Copper had the function of metal for the cion during the long-lasting period. Hipothetical existentialim of temporal matherial deficit of the silver is logical.We mean the feudal world, where it is absurdity to make possibility of the hunger of the raw materials. Possibly we have the following thing: commodity accumulation of the silver in the east was little compared with the total commodity weight on the concrete stage of the evolution, this is the basis of the relatively and unprofitably high currency course. Social distributive order between organization and manufacture requires thinning of the nominal on the level, that would be accompanied with many difficulties because of the circulation aspect.

Silver unit is equal to the copper that is transferred on the ratio. Credit money was founded. What did the specific currency conjuncture cause?! The particular consentration of enterprise forces on the black metallurgy and agrarian sectors demaded particular restrictions in the sector of colored metallurgy. The technological difficulty of silver reception (Ag2S and very often, plus other sulphides. The separation is made by Pb. and Zn.) would transfer the part of labour force to the copper producing, that served the relative stabilization of the general volume of the production of colored metallurgy. Irrigation zone strains its own force. And Georgia always answers with autoprotectionism. East legends are the indicators of Asian credit system. Georgia perpetually realized the emision of the so called ,,dissolutely” made numismatic memorials of copper from the king Demetre I-st until the money reform, during the reign of Rusudani.

   Key words: ,,Copper Epoch” of Numismatics, ,,Silver Crisis”.credit coin. ,Dissolutely” made coin.,,Decent” coin.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. დუნდუა თ. ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით.თბილისი. 1997
  2. კაპანაძე დ. ქართული ნუმიზმატიკა. თბილისი. 1969
  3. ფული საქართველოში. საქართველოს ეროვნული ბანკი, მეორე გადამუშავებული გამოცემა. თბ., 2003.
  4. ჯავახიშვილი ნ. ქართული ბონისტიკა (ქაღალდის საფასთმცოდნეობა). თბილისი. 1996.
  5. Lang M. Studies in the Numismatic History of Georgia in Trnscaucasia.New York.1955.
  6. Langlois Supplement a L’essai de Classification des Suites Monйtaires de la Gйorgie Depuis L’antiquitй Jusqu’a nos jours.Revue de la Numismatique Belge.1861.
  7. Pool R.ST. Catalogue of Coins of the Shahs of Persia in the British Museum.London.1887.
  8. Retowski Die Mьnzen der Komnenen von Trapezunt.Moskau.1910.
  9. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=2
  10. https://www.nbg.gov.ge/uploads/zarafxanebi.pdf

   [1] ფული საქართველოში. მეორე გადამუშავებული გამოცემა. საქართველოს ეროვნული ბანკი. თბ., 2003. გვ.: 31-32.

   [2] სიქა, (< სპარს. სექქე), თეგი, ტვიფრი, რომლითაც იჭრება ლითონის ფული. თითო მონეტის მოსაჭრელად საჭიროა ორი სიქა — შუბლისა და ზურგის გამოსახულებისათვის. შუბლის სიქა იჭრებოდა გრდემლზე, ზურგისა — მოძრავი ლითონის ღეროზე. სიქაზე ამოკვეთილია ნეგატიური გამოსახულება და სამონეტო ლეგენდა. უძველეს მონეტებს (ძვ. წ. VII–VI საუკუნეებში) გამოსახულება მხოლოდ შუბლის მხარეზე აქვთ. ზედა სიქის ნაცვლად იხმარებოდა ოთხწახნაგა განიკვეთიანი რკინის ერთი ან რამდენიმე ღერო, რომელიც მონეტაზე ოთხკუთხა ღრმულს (ე. წ. quadratum incusum) ტოვებდა.

[3] http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=2

[4] http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=2

Categories: Uncategorized | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: